საჩხერის მეზობელ ჭიათურაში, მძიმე ტექნიკა ანადგურებს სოფლებს - თხრიან ყველგან და ყველაფერს - სახლებს, ბაღებს, ტყეებს, მთებს - იმისთვის, რომ ამოიღონ "ჭიათურის შავი ოქრო" - მანგანუმი.
სოფელი მღვიმევი ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, რომელიც მალე მოსახლეობისგან სრულად დაიცლება, აქ სახლების ნაწილი უკვე დაანგრიეს, მიმდებარე ტყე კი მიწასთან არის გასწორებული. სოფლის უხუცესი 82 წლის ჯუმბერ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს სოფელში გაჩერება აღარ სურთ, ისინი კი, ვინც წლებია ცხოვრობენ სოფლის დატოვებას არ აპირებენ, თუ სახლკარს ძალით არ დაატოვებინებენ. სახლის წინ ეზო ისე გაიყიდა არავის არაფერი უკითხავს, კომპანიამ მანგანუმი ამოიღო და ახლა უკვე თვეებია სახლის წინ ჯანმრთელობისთვის საშიში მიწის მთებია.
ჭიათურაში 2055 წლამდე ჯორჯიან მანგანეზს უკონტროლო ძალუფლება აქვს, კომპანიის ნებართვის გარეშე ადგილობრივებს არ აქვთ მცირე ზომის შენობის აშენების უფლებაც კი. კომპანიას ასევე შეუძლია ღია წესით მოიპოვოს მანგანუმი იქ, სადაც მოუნდებათ, ჭიათურაში ამბობენ, რომ კომპანია ამ უფლებას ბოროტად იყენებს, ამიტომ ხშირად ნახავთ სახლს, რომლის ეზოც ათობით მეტრზეა ამოთხრილი.
ჭიათურაში მოპოვების სქემა შემდეგნაირია :ჭიათურაში არის 100-მდე მცირე კოოპერატივი, რომლებსაც ძვირადღირებული წიაღისეულის მოპოვების უფლება აქვთ, მოპოვებულ მანგანუმს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი შუამავალი კომპანია "შპს მანგანუმ ლოჯისტიკი" იბარებს, რომლის ფორმალური ხელმძრავნელი ნოდარ მიქაბერიძეა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა დროს ჯამში 170 000 ლარი შესწირა. თუმცა მიქაბერიძე ფორმალური მმართველია, არაფორმალურად კომპანიას ყოფილი მთავარი პროკურორი - ოთარ ფარცხალაძე და ბიზინა ივანიშვილს დეიდაშვილი და მთავარი ბიზნეს პარტნიორი უჩა მამაცაშვილი ხელმძრავნელობს. ფარცხალაძე-მამაცაშვილი მხოლოდ 75 დოლარად ყიდულობს ტონა მანგანუმს, შემდეგ კი 400%-ით ძვირად ყიდის. ამ კორუფციული სქემით, მხოლოდ გასულ წელს 40 მილიონ დოლარზე მეტი გააკეთეს.
"ჯორჯიან მანგანეზს" ხელისუფლებამ 2017 წელს სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი , იმ პირობით დაუნიშნა, რომ მას კომპანიის მიერ გარემოსთვის და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანი უნდა გამოესწორებინა. ჩიქოვანის უკან გიორგი კაპანაძე - იგივე რიჟაა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს.
ბოლო წელბის განმავლობაში გარემოზე მიყენებული ზიანი გაორმაგდა, რასაც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" წლებია სწავლობს. არასამთავრობო ორაგნიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაუგებარია რატომ შეარჩიეს ნიკოლოზ ჩიქოვანი სპეციალურ მმართველად, მაშინ როცა მას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა , გარდა ამისა მან ფეროშენადრობი ქარხანა ხელოვნურად გააკოტრა, რაზეც საქმე აღიძრა, თუმცა არათუ პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, არამედ ჯორჯიან მანგანეზის სპეციუალურ მმართველად დაინიშნა. სამი წელი გავიდა თუმცა რა პრობლემები მოაგვარა სპეციალურმა მმართველმა არავინ იცის, ნიკოლოზ ჩიქოვანს კი კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივეს საქმიანობა.
რა გამოასწორა სპეციალურმმა მართველმა, ამ კითხვის პასუხის გაგება გვსურდა ჯორჯიან მანგანეზიდან, კომპანიის პრესსამსახურმა ორ დღიანი მცდელობის მიუხედავად არ ისურვა მთავარი არხის კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ დავუკავშირდით პირადად ნიკოლოზ ჩიქოვანს, მას მობილური ორი დღეა გამორთული აქვს, ამის შემდეგ დავუკავშირდით ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორს, რომელიც ასევე უჩა მამაცაშვილის კადრია, ის RMG Gold-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე იყო. ივა ხეთაგურმა გვითხრა, რომ კითხვებზე საპასუხოდ არ ეცალა.
მღვიმევი, დარკვეთი, რგანი, იხთვისი, შუქრუთი, ბუნიკაური, სარქველეთუბანი, - ეს იმ სოფლების მცირე ნაწილია ცხოვრება ყოველდღირად გაუსაძლისი რომ ხდება, მოსახლეობის ნაწილს ლაპარაკი ღიად არ სურს, რადგან ეშინიათ კრიმინალური ავტორიტეტების, არაფორმალური მმართველის და მათი გარემოცვის, ამიტომ უფრო მარტივად ნადგურდება სოფლები, ადამიანების ჯანმრთელობა და ბუნება.