"მიმწოლია", "უძრაობა უკავშირდება", "ენერგია არა აქვს", "ნაცების კურსს დაადგა" - მამა კირიონი ბოლო ოთხ პრემიერს ახასიათებს

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონს 2012 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლების პრემიერმინისტრებიდან ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილი მოსწონს, ყველაზე აგრესიულად კი ბოლო პრემიერ გახარიას მოიხსენიებს. 

დავითგარეჯთან მიმართებაში პრემიერმინისტრების ნაბიჯები არქიმანდრიტმა ანტილიბერალური განწყობით ცნობილ ონლაინპლატფორმა "ალტ ინფოსთან" ინტერვიუში შეაფასა. 

მამა კირიონმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ გააკეთა და დავითგარეჯის საქმეს "მის მიერ მომართული" უწოდა. მან გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ მას უძრაობის პერიოდი უკავშირდება. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, სასულიერო პირი ამბობს, რომ მას არა აქვს ის მიმწოლობა, რაც ღარიბაშვილს, ხოლო ამჟამინდელ პრემიერმინისტრზე საუბრისას განაცხადა, რომ "ის (გიორგი გახარია,-რედ.) ლამისაა, დაადგეს ნაცების კურსს".

არქიმანდრიტმა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილიც ახსენა და აგანაცხადა, რომ როცა ის გარეჯის პრობლემატიკაში გაერკვია, გაოგნდა. არქიმანდრიტისვე თქმით, ეს 2019 წელს მოხდა, როცა ხელისუფლებაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს შეხვდა და სთხოვა, გარეჯის საკითხი მისთვის გაეცნო. 

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაერკვია რა ამ საკითხში, გაოგნდა კაცი. მან თქვა, რომ უკან არ უნდა დავიხიოთ“, - აღნიშნავს კირიონი.

დავითგარეჯის მამათა სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა განსაკუთრებულად დადებით კონტექსტში მოიხსენია ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოსკოვიდან ჩამოიტანა. შეგახსენებთ, სწორედ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილმა რუკებმა ითამაშა მთავარი როლი ორი კარტოგრაფის დაკავებაში. 

აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი 15 ოქტომბერს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პროკურატურა ორივე კარტოგრაფს საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი