პოლიტიკოსების შეფასებით, ქვეყანას სეზონური გრიპის ვაქცინის არასაკმარისი დოზა აქვს. მათი თქმით, ამ პერიოდში ვაქცინაცია უკვე დასრულებული უნდა იყოს მისი შემდგომი ეფექტურობისათვის - რადგან ეს ასე არაა, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ერთმანეთისგან ვერ გავარჩევთ გრიპსა და კორონავირუსს, ეს კი "ოცნების" უპასუხისმგებლობის შედეგი იქნება.
"მოულოდნელობა არ არის, რომ სეზონური გრიპი იწყება სექტემბრის ბოლოდან და გრძელდება ზამთრის ბოლომდე - ყოველ წელს ასე ხდება. "ოცნების" უთავბოლობისა და უპასუხისმგებლობის დამადასტურებელია, რომ ახლა გრიპის ვაქცინის საჭირო დოზა არ გვაქვს და მას ვეღარ გავარჩევთ კორონავირუსისგან", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ვაქცინის დეფიციტსა და აცრის შესაძლო დაგვაინებაზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტებიც. მათი თქმით, ადამიანის ორგანიზმს საჭირო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2-3 კვირა სჭირდება და თუ გვინდა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებული სეზონურ გრიპს გავუმკლავდეთ, მაშინ, ვაქცინაცია დროულად უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პრობლემის პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსი რეკორდულად იზრდება. დღეს 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა. ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 471 ინფიცირებული თბილისიდანაა.