ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ რუკების ჩამომტანი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საკუტარ ჩვენებში და ტყუილებში აიხლართა, რაც თამარ სულაძის თქმით, იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქმე პოლიტიკური და შეკერილია:
შთაბეჭდილება დამრჩა რომ თვითონ აიხლართა ეს ადამიანი თავის ტყუილებში. ჩვენებაში ერთი თქვა, ჟურნალისტებთან მეორე.
საარჩევნო ხმებზეა ეს ხომ და უნდოდათ ვინც იყო მაშინ ხელმძღვანელობა, იმათზე გასულიყვნენ, რადგან შეატყვეს რომ ესენი არ წავიდოდნენ ასეთ გარიგებაზე, დააპატიმრეს და უწოდეს მოღალატეები - ამბობს სულაძე.
პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზე მინდია ჯანელიძე დაიბარეს. უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.
მღვდელ კირიონის მონათხრობით ირკვევა, რომ ჯანელიძე ის პირია, ვინც, რუკის არსებობაზე 2014 წლიდან იცოდა, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე დავით ხიდაშელის ჩვენებეში შეუსაბამობებია. მაშინ, როცა ბიზნესმენი სატელევიზიო ინტერვიუებში ამბობს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, გამოძიებასთან ოლიგარქის გვარს საერთოდ არ ახსენებს.
აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.