
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე შემაშფოთებელია. ამ ყველაფრის მიზეზად ისინი გაუმართავ სისტემას მიაწერენ და ამბობენ, რომ თუ ამ სისტემას ჯანდაცვის სამინისტრო დროულად არ გამართავს, მდგომარეობა კატასტროფამდე მივა.
"ეს არის სისტემური პრობლემა, როდესაც არ არის კომუნიკაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ჰოსპიტლებსა და ცხელების ცენტრებს შორის. ჯაჭვის არეულობა იწვევს იმ ყველაფერს, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. თუ პრობლემა ძალიან მალე არ გამოსწორდება, კატასტროფამდე მივალთ. ეფექტურობისთვის საჭიროა თანმიმდევრული, წერტილოვანი და აქტიური ნაბიჯების გადადგმა", - ამბობს ვახტანგ კალოიანი
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი - 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბათუმში გადიოდა მკურნალობას და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, COVID 19-თან ერთად, სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
ჯამში კი ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - გარდაცვლილია 15 ადამიანი, ხოლო დაინფიცირდა 1194 ადამიანი.