ზუგდიდში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა და ამ წუთებში საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომას ატარებს, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან და სადაც უნდა გადაწყდეს, რა ფორმით ჩატარდება სპეცოპერაცია 19 მძევლის გასათავისუფლებლად და "საქართველოს ბანკის" შენობაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელის გასანეიტრალებლად.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა, 19 ადამიანი მძევლად აიყვანა და ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე 500.000 დოლარი მოითხოვა.
მანვე ხელისუფლებას ორსაათიანი ვადა მისცა მისი მოთხოვნების შესასრულებლად, რომლის ვადაც უკვე ამოიწურა, თუმცა, სამართალდამცავებიდან თავდამსხმელთან კონტაქტზე ჯერ არავინ გასულა.
შეგახსენებთ ასევე, რომ ოთახიდან, სადაც თავდამსხმელი იმყოფება, მისი მოთხოვნით "მთავარი არხის" გენდირექტორს ნიკა გვარამიას დაუკავშირდა ერთერთი მძევალი, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში გააჟღერა მოთხოვნები. თავდამსხმელი სხვა მედიასაშუალებებსაც დაუკავშირდა, თუმცა, ხელისუფლების გაღიზიანება მხოლოდ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში გასულმა მასალამ გამოიწვია - ირაკლი კობახიძემ მედიის მოქმედებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნებიც კი დაინახა, ხოლო შს მინისტრის მოადგილემ ზუგდიდიდან ლაივ-სიგნალების გათიშვა მოითხოვა.
ხელისუფლების პრეტენზიებს ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" საშუალებით უპასუხა.
ზუგდიდში ამ დროისთვის ბანკის შენობის მიმდებარე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და მოქალაქეებს, მათ შორის, მძევლების ახლობლებს, არ ეძლევათ შენობასთან მიახლოების საშუალება.