ოკუპირებულ აფხაზეთში ამტკიცებენ რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.
არაღიარებული რეჟიმი აცხადებს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი დაკეტილია და ტერიტორიაზე ვერავინ მოხვდება.
”აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”- ამბობს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი რუსტამ ლატიპოვი
Sputnik-ის ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის ზუგდიდში გუშინ აყვანილი ყველა მძევალი, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსანი ავთანდილ გალდავა, გათავისუფლებულია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შსს-ს მიერ გუშინ, გვიან ღამით და დღეს, გამთენიისას გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი თავდამსხმელის ადგილმდებარეობის შესახებ და მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ მიმდინარეობს სამუშაოები მის დასაკავებლად.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გეგმავდა გადასვლას.