გადაცემა "დღის სტუმარში", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ურჩევს, კარგად დაფიქრდნენ და 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა "ხვალ სახლში არ შემოგვივარდნენ გასაძარცვად".
"ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე, საკუთარ მოკავშირედ თვლის კრიმინალურ სამყაროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კავშირი, როდესაც მე ვიყენებ თქვენს დახმარებას არჩევნებში, როდესაც გეყრდნობით თქვენ, როგორც ძალას, პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მე მაქვს თქვენთან ვალდებულებები და ამ ხელისუფლებას, რომელიც არის კრინიმალური სამყაროს ნაწილი, თავისი შინაარსით არასდროს არ შეეძლება, რომ გაატაროს ეფექტიანი, ანტიკრიმინალური პოლიტიკა ქვეყანაში",-ამბობს სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "თანამედროვე სახელმწიფოში, თანამედროვე მომზადების მქონე შესაბამისმა უწყებებმა, ვერ შეძლეს გაენეიტრალებინათ, ან შემდგომ ეფექტიანი რეაგირება მოეხდინათ მისი დაკავებისთვის".
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბეტრს, ზუგდიდში საქართველოს ბანკიში მძარცველი შეიჭრა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, 43 ადამიანი დაატყვევა და 7 საათის შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარიც მიიღო, რომელიც დღისით მოითხოვა ხელისუფლებისგან. "მთავარი არხის" ინფორმაციით მან ქვეყანა უკვე დატოვა.