ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის გამოკითხვა სამხარეო პოლიციაში დასრულდა, თუმცა მან შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა. ხვიბლიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკი და გაჩნდა ეჭვი, რომ ის მძარცველის თანამზრახველია. ამ ეჭვს აძლიარებს ისიც, რომ ხვიბლიანის დაკითხვა - მისი მძევლობიდან გათავისუფლების შემდეგ-თითქმის 12 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ის სამხარეო პოლიციის შენობიდან სამხედრო პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
რა კითხვები ქონდა მასთან გამოძიებას, რატომ კითხავდნენ ასე ხანგრძლივად და რისი დადგენა გახდა შესაძლებელი სენაკის ბაზის მოქმედი სამხედროს გამოკითხვის შედეგად, რომელიც მძარცველის ნათესავიცაა - ჯერჯერობით უცნობია. ხვიბლიანი, სავარაუდოდ, პირდაპირ სენაკის ბაზაზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.
"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.