
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდემიასთან გასამკლავებლად ძალინ მნიშვნელოვანია როგორი იქნება მოქალაქეების ქცევა. მისივე განცხადებით, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3 000 იქნებნა თუ 5 000 მთლიანად 3 700 000 ქართველი მოქალაქის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული.
მისივე თქმით, ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როცა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული.
"თუ მოსახლეობის ქცევა იქნება იმის შესაბამისი, რაც არის ჩვენი მოწოდებები, ის პროგნოზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, იქნება ცვალებადი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რთულია თქმა, ეს რიცხვი იქნება 3 000 თუ 5 000, ვინაიდან, ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 ქართველი მოქალაქის კეთილსინდიერ ქმედებაზე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღესვე, 23 ოქტომბერს ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ კონკრეტულ რეგიონებში კოვიდინფიცირებულების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად საჭირო ხდება დამატებითი საწოლების მოძიება.
"დღეს ვამტკიცებთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ჩაერთვებიან. ეს იქნება როგორც საგარეჯოში, ისე თეთრწყაროში, ქუთაისში, ახალციხეში და ლანჩხუთში, რომლებიც მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ მათ საჭირო მკურნალობას და მომსახურებას", - ამბობს მინისტრი.
ტიკარაძის თქმით საერთო ჯამში ისინი ამ გზით 442 საწოლის მობილიზებას შეძლებენ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.
მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
პაციენტებს შორის 397-ის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე კი 82 პირი იმყოფება.