"ოცნებამ" 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით დაფინანსების სახით 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, საიდანაც 95% შემოწირულობებს შეადგენს.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის" შუალედური ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ მმართველი პარტიის შემოწირულობები სხვა ოპოზიციური პარტიების შემოსავლების ჯამს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
როგორც ირკვევა, "ოცნებას" თანხას სწირავენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მმართველი გუნდისგან გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ - ასეთებიდან ერთერთი "არემჯი გოლდია", რომლის მიერაც პარტიისთვის გაღებული თანხა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ "ოცნება" შემოწირულობების ნაწილს ამომრჩევლის მოსასყიდად გამოიყენებს.
"მმართველი გუნდის შემოწირულობების უმეტესობა კორუფციული, შავი ფულია. კომპანიები კონკრეტული მითითებებით გასცემენ პარტიისთვის თანხებს", - ამბობს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე.
ცნობისთვის, ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი "ლელომ" მიიღო და ეს თანხა 2,5 მილიონ ლარზე მეტია.