თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მას ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ პირთან რაიმე კავშირი აქვს. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა და მის ნათესავ, ერთ-ერთ სავარაუდო მძევალ, დათო ხვიბლიანზე ისაუბრა.
თემურ ხვიბლიანის მტკიცებით, დათო ხვიბლიანი 4 დღის წინ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შემთხვევით მოხვდა, და იქ ის ხელფასის ასაღებას იყო მისული.
"პირადად მეამაყება დავით ხვიბლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად შემთხვევით აღმოჩნა ბანკში, არ იმყოფებოდა თვითდათხოვნაში, იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე. მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ადგა, ჩავიდა ბანკში, გარკვეული დროის მერე შემოვარდა მძარცველი, რა თქმა უნდა, ისიც მოყვა მძევალთა რიგებში. რა თქმა უნდა, მაგ დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად, ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან", - თქვა თემურ ხვიბლიანმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას არ დაკავშირებია და კითხვები არ დაუსვამთ, რადგან ამის საჭიროება არ დგას. თემურ ხვიბლიანი ამბობს, რომ ძარცვის დროს იმყოფებოდა თბილისში, საკუთარ სახლში.
"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.
ამავე თემაზე გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბა "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ. მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ზუგდიდში ჯარისკაცი სენაკის სამხედრო ბაზიდან. კილაძე ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალი სენაკშიცაა, შესაბამისად, ამ მიზნით ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, სამხედრო პოლიცია ამ ფაქტითაც უნდა დაინტერესდეს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.