ელისო კილაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მომხდარ "საუკუნო ძარცვის" ფაქტთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებამ განმარტებები უნდა გააკეთოს, ხოლო მინისტრმა - თანამდებობა დატოვოს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ჯარს ვერ აკონტროლებს. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"ომი რომ დაიწყოს ქვეყანაში და რაიმე სერიოზული ამბავი მოხდეს, ისევ საინფორმაციო ვაკუუმში უნდა ვიყოთ? თავდაცვის მინისტრსაც მოუწევს არა მარტო თანამდებობის დატოვება, არამედ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც იმიტომ, რომ ის, რაც ეხლა ქვეყანაში ხდება, ის, რაც ჩვენს საამაყო ჯარს ეხება, ყველაფერს სცდება", - თქვა ელისო კილაძემ.
ელისო კილაძისთვის, ასევე, გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ზუგდიდში ჯარისკაცი სენაკის სამხედრო ბაზიდან. "საქართველოს ბანკის" ფილიალი სენაკშიცაა, შესაბამისად, ამ მიზნით ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, სამხედრო პოლიცია ამ ფაქტითაც უნდა დაინტერესდეს.
ელისკო კილაძე ამბობს, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.
მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებას ჯარისკაცები ავღანეთის მისიაში ჰყავს გაგზავნილი და არჩევნებში მათი ხმების გაყალბებითაც გეგმავს. ამავდროულად, "ურჩი" სამხედროების ოჯახებში სამხედრო პოლიცია მუქარისა და შანტაჟის შემცველი წინადადებებით რეკავს.