აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ულოცავს. ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ ბევრი სიცოცხლე გადარჩება და რომ ამაყობს მისი გუნდით, რომ ეს შეთანხმება შედგა.
"ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომლებიც დათანხმდნენ შუაღამისას ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლას. ბევრი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით: სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, მისი მოადგილე სტივ ბიგენითა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოთი, რომ ამ შეთანხმებას მიაღწიეს!" - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტის ქართულ ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდი "ფეისბუქზე" აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გუშინ განცხადება აშშ-ის სახდეპმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაპირისპირებული მხარეები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბეგუნის თანდასწრებით, 24 ოქტომბერს შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. შეთანხმება ძალაში დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 08:00-ზე შევიდა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო და 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.