ივანიშვილი თავად გახდება საკუთარი ხელით შექმნილი მახინჯი მოდელის მძევალი - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"ქართუ ჯგუფის"ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის, მონაყოლმა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე, ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ივანიშვილის მილიარდები და გავლენა მას არჩევნებს ვერ მოაგებინებს და მეტიც - თავადვე გახდება საკუთარი ხელით შექმნილი "მახინჯი მოდელის მძევალი". 

"ივანიშვილის მთელი ტრაგედია ის არის, რომ თავის ამომრჩეველს ელაპარაკება კობახიძის, ნაცვლიშვილს, მდინარაძის პირით. მისი მილიარდები ვერ შეაჩერებს ხალხში არსებულ ცვლილებების სურვილს. და თუ კარგად დაფიქრდება ოლიგარქი, მიხვდება, რომ, პირველ რიგში, თავად სჭირდება ცვლილებები. შესაძლოა, ივანიშვილი თვითონ გახდეს საკუთარი არაჯანსაღი და მახინჯი მოდელის მძევალი", - ამბობს პარტია "სამართლიანობისთვის" წევრი, ეკა ბესელია. 

თავის მხრივ, ოპოზიციონერები ეხმიანებიან "ოცნების" იდეოლოგის, ლაშა ნაცვლიშვილის მუქარის შემცველ განცხადებას, რომელშიც ნაცვლიშვილი გოგოლაძესთან ინტერვიუს გამო ნიკა გვარამიას გლდანის, ხოლო მის რესპონდენტს გუანტანამოს ციხით ემუქრება. გედევან ფოფხაძე ნაცვლიშვილს ურჩევს, ნარკოლოგიურში გაესინჯოს. 

"მე ვურჩევდი ლაშა ნაცვლიშვილს, ნარკოლოგიურში გაესინჯოს. როცა ის მსგავს პოსტებს დებს, აშკარად არაა ფხიზელ მდგომაროებაში", - ამბობს "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრი, გედევან ფოფხაძე. 

გარდა ამისა, "ენმ - ძალა ერთობაშიას" წევრი, თამარ კორძაია, უწყებას მოუწოდებს, რომ ივანიშვილის საქმეების პირდაპირი მოწმის - ელდარ გოგოლაძის მონაყოლი ოლიგარქის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს. 

შეგახსენებთ,  "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი