პოლიციამ ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკა

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას მისი ბიძა ადასტურებს. ესებუების სახლში, სოფელ გრიგოლიში პოლიციელები გასულ ღამეს იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია ამოიღეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცება.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სამხედრო ბადრი ესებუა სწორედ ის პირია, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ესებუას ბიძა, მამია ივარდავა "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ მისი დისშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და უკვე 1 წელია სენაკის სამხედრო ბაზა დატოვა.

სოფელ გრიგოლიში სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბიძისგან განსხვავებით უარყოფს ბადრი ესებუას ძმა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ძმა 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში არ ყოფილა, თუმცა სად იყო- ვერ იხსენებს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს  "მთავარი აქცენტების" სპეციალურ გამოშვებაში გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო ბადრი ესებუაა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი