ის მოვა ოთხშაბათს, მეტს ვერაფერს გეტყვით - ბადრი ესებუას მამა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ძარცვასა და ტერორისტულ აქტში ბრალდებული, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ის თბილისიდან სახლში ხვალ, 28 ოქტომბერს დაბრუნდება. 

მამა ამბობს, რომ მას ბოლო 21 ოქტომბერს ნაშუადღევს ესაუბრა და უთხრა, რომ ის თბილისში მიდიოდა. 

"თვალს ხომ ხედავთ კარგად, არ ემთხვევა, არც ხმა. ბადრი სადაა არ ვიცი. ხვალ ან ზეგ მოვა. ის მოვა ოთხშაბათს, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს ტარიელ ესებუა.

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ბადრი ესებუას ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამოკითხვა ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში. ოჯახი არ საუბრობს ნახა თუ არა გამოძიებამ რაიმე ნივთმტკიცება მათ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. 

ცნობისთვის, გუშინ, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი