ღარიბაშვილის სენაკის სამხედრო ბაზაზე ვიზიტის თარიღი დაუდგენელია - ოპოზიცია ჩამოშლილ სახელმწიფოზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა დაუდგენელია - როდის. შეხვედრის კადრები, რომელიც Youtube-ზე აიტვირთა, თავდაპირველად 23 ოქტომბრით თარიღდებოდა. მოგვიანებით კი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელში 26 ოქტომბერს აიტვირთა. 

სამინისტროს პრესსამსახურში ვიზიტის ზუსტი თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა საყურადღებოა, რომ მინისტრის ბაზაზე ჩასვლა ზუგდიდში განვითარებული მოვლენებისა და მასში სამხედროების სავარაუდო თანამონაწილეობის თანმდევია. 

თავის მხრივ, ოპოზიციონერები "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას კიდევ ერთხელ აფასებენ და ამბობენ, რომ როცა ქვეყანა კრიმინალებს ურიგდება, ამას სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა მოსდევს. 

"ოცნებისთვის" ე.წ.კრიმინალური სამყარო მართვის ინსტრუმენტი გახდა. ყველა არჩევნებზე კრიმინალები ივანიშვილის მოკავშირეები არიან და სახელმწიფო ინსტიტუტებს დამნაშავეებთან უჩნდებათ ვალდებულება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი. 

"ამდენი ხნის განმავლობაში ბადრი ესებუას ვერდაკავება მანიშნებელია, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. ხელისუფლება ვერ ართმევს საკუთარ მოვალეობებს თავს", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ. 

მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. ნათია თურნავა ამბობს, რომ სამართალდამცველები პროფესიონალურად მოქმედებენ და რომ უნდა ვაცადოთ საქმის ბოლომდე მიყვანა. 

ცნობისთვის, გუშინ, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი