
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ორშაბათს ექნებათ იმ მოხალისე სტუდენტების ბაზა, რომლებიც ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. მისი თქმით, შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და დეკანებთან უკვე გამართა.
"მომავალ ორშაბათს უკვე ერთგვარი სამედიცინო რეზერვი ანუ უფროსკურსელთა ბაზა, რომლებმაც გაიარეს ეს ტრენინგი უკვე მზად იქნება. ეს იქნება ბაზა იმ უფროსკურსელების, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაეხმარებიან", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი თქმით, გადამზადებას სტუდენტები სამი მიმართულებით გაივლიან, სტუდენტები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, თუმცა მათ ქოლცენტრში, საკარანტინო ზონებში და სხვა სივრცეებში დაეხმარებიან.