მე თქვენ არ გაბარებთ "აჩოტებს" სად ვივლი - შს მინისტრი ბათუმში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა. "მთავარი არხის" ჯგუფმა მისი ჩაწერა მოახერხა თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს რას უკავშირდება მისი ვიზიტი და ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში საჭმელადაა მისული. 

"მე მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, მე თქვენ არ გაბარებთ აჩოტებს სად ვივლი", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა ზუგდიდის სპეცოპერაციასა და ბრალდებული ბადრი ესებუას 8-დღიან ძებნაზე. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარი უკვე 20-ჯერ გააკეთა და ახლა საუბარი არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუას სამართალდამცავები მე-8 დღეა ეძებენ.

ცნობისთვის,  26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი