ესებუას გადაადგილების კადრები ზუგდიდში გადაღებული არაა და 6 ოქტომბრით თარიღდება - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" ეთერში გავრცელებულ ზუგდიდში "საქართვეოს ბანკის" ძარცვაში ბრალდებული, ბადრი ესებუას კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ კადრები 6 ოქტომბერს სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტშია გადაღებული. 

"ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ამ ინფორმაციის მიზანმიმართულად გაყალბება, საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება. 

აქვე, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ბანკზე თავდამსხმელს მე-9 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც შს მინისტრი "მთავართან" ექსკლუზიური ინტერვიუსას ამბობს, "ესებუა 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვეც ეძებონ და ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს". 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი