ტანსაცმელი, რომელიც ესებუას კადრებში აცვია, მამამ ჟურნალისტებს გამოუტანა

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამტკიცებს, რომ ფოტო-მასალა, თითქოს ბადრი ესებუა 27 ოქტომბერს ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის მტკიცებულებად ჟურნალისტებს იმ ტანსაცმელს აჩვენებს, რომელიც მის შვილს სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალაში აცვია. 

"ნახე ეს ბოტასი, ნახე ეს მაისური, ეს "ჟილეტი" - 2 დღის წინ ეცვა, ხომ?! როგორც მოგცეთ მე თქვენ ინტერვიუ?" - ეუბნება ტარიელ ესებუა ჟურნალისტებს

აქვე, "მთავარმა" დღეს ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ბადრი ესებუა, სავარაუდოდ, 27 ოქტომბერს ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდება. შსს კი ირწმუნება, რომ კადრები 6 ოქტომბერს სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტშია გადაღებული.  

ცნობისთვის, დღესვე მედიაჰოლდინგმა "კვირამ" ტარიელ ესებუას ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის შვილს სთხოვს, რომ პოლიციას ჩაბარდეს. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ბანკზე თავდამსხმელს მე-9 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც შს მინისტრი "მთავართან" ექსკლუზიური ინტერვიუსას ამბობს, "ესებუა 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვეც ეძებონ და ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი