ოპოზიციის შეფასებით რუსეთი "ოცნების" ხელისუფლების მეშვეობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით "დღეს საქართველოში ვხედავთ ყველაფერ იმას, რითიც რუსეთი ერევა ხოლმე მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში."
"საქართველოში რუსეთი, რა თქმა უნდა, ეცდება ხელისუფლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევას. გავრილოვი, ანაკლიის პორტის ჩავარდნა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კორუფცია, დასუსტებული ინსტიტუტები. ფაქტია, რომ საქართველო უნდა რუსეთს სუსტი, სწორედ ამას უწყობს ხელს ივანიშვილი" - ამბობს ხატია დეკანოიძე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ენმ"-დან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პრორუსული რიტორიკის გაძლიერება ჯერ კიდევ 2017 წელს, სავარაუდოდ გრუ-ს კაბინეტში დაიგეგმა. დოკუმენტის იმ 11 გვერდზე, რომელიც "მთავარი არხისთვის" გახდა ხელმისაწვდომი, განხილულია პროექტი "საქართველო 2020". ტექსტში დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა წამოწიონ წინ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღიად ან ფარულად დაუჭერენ მხარს ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკის გატარებას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.