საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. ის წერს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას საშუალება ეძლევა ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არჩევანი გააკეთოს.
"ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთი სასულიერო პირი "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებებს ესწრებოდა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა კი ბაგრატის ტაძრის ეზოში მოხდა.
სასულიერო პირების ნაწილი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილი კი ამბობს, რომ ისინი რამე მოწოდებას არ აკეთებენ.
ამ თემაზე საუბრისას, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, რომელიც თავადაც დაესწრო ვანში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას, თქვა - "როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან"