ვანში, საარჩევნო უბანზე, ვიდეოკამერა ხმის მიცემის კაბინასთანაა დამონტაჟებული, რაც კანონდარღვევაა. ხონში კი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი საარჩევნო უბანზე დამკვირვებელია.
საარჩევნო უბანზე კოორდინატორები "ქართული ოცნების" მაისურებით მივიდნენ, რაც სააგიტაციო მასალად ითვლება და კანონით ისჯება. ამასთან, რამდენიმე კოორდინატორი ამომრჩეველს "ცესკოს" ბაზებიდან ამოღებული სიებით აკვირდება და ამბობს, რომ საუბრის უფლება არ აქვს.
"არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო", - ამბობს კოორდინატორი.
შეგახსენებთ, რომ ვანსა და ხონში ხმის მიცემის პროცესი დილიდან დარღვევებით მიმდინარეობს. სოფელ ნახახულევში, 16-ე უბანში, ხონის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მათე ჩანქსელიანი, კენჭისყრას თვალყურს დამკვირვებლის რანგში ადევნებს.
ვანში კი, როგორც ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს, ხელისუფლების მხარდამჭერებმა საარჩევნო უბანში მოქალაქეების დასაკვირვებლად ვიდეოკამერები დააყენეს. მედიის წარმომადგენლების გამოჩენისთანავე კი, კამერებს ადგილები შეუცვალეს.