ცესკოს შენობაში შესული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ თამარ ჟვანია დიდი ზეწოლის ქვეშ იყო.
"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბრძოლა. მე დიდი ხანია, ვიცნობ თამარ ჟვანიას და ის დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა შიგნით, წარმოუდგენელი ზეწოლა," - თქვა ზურაბ ხარატიშვილმა.
ნიკა გვარამია დაინტერესდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარე იყო, უბნების დახურვიდან რამდენ ხანში მოხდა პირველადი შედეგების გამოცხადება.
"პირველი განცხადება პირველის ნახევარზე გაკეთდა და ესეც ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო,"-აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია ცესკოს შენობასთან მივიდა და იქ მობილიზებულ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ცესკოს შენობაში უნდა შესულიყო და როგორც ჟურნალისტს, მიმდინარე პროცესები უნდა გაეშუქებინა, ასევე, ინტერვიუ აეღო ცესკოს თავმჯდომარისგან.