"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება მანდატებთან დაკავშირებით ერთიანი უნდა იყოს.
"ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ, გამარჯვება რომელიც მოპოვა ოპოზიციამ 31 ოქტომბერს, არის საერთო ოპოზიციური გამარჯვება. ჩემი აზრით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება, მათ შორის, მანდატებთან დაკავშირებით. სწორი იქნება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგებზე" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი, ხელისუფლებისგან ითხოვს ხელახალ არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას. მისი თქმით, თამარ ჟვანიამ არჩევნების გაყალბებისთვის პასუხი უნდა აგოს. ასევე, სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხზე ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, რადგან არჩილ თალაკვაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიების დაშანტაჟებაში დაადანაშაულა.
პარლამენტში შესვლას არ აპირებს და არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, სერგი კაპანაძეც, და ამბობს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება ერთობლივი უნდა იყოს.
"დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ, შევიდეთ თუ არა პარლამენტში. ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, თუმცა ეს უნდა იყოს კოლეგიური გადაწყვეტილება, გვექნება დისკუსია... თუ ოპოზიცია არჩევნებს მიიჩნევს არალეგიტიმურად, მაშინ მეორე ტურიც არ უნდა ჩატარდეს." - ამბობს სერგი კაპანაძე
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.