ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში აქტივისტები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ცესკოს შენობასთან რკინის ჯებირი დახვდათ აღმართული, რომელსაც ქვებს ურტყავენ, რომ ხმა თამარ ჟვანიას გააგონონ.
"ეს არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, პროტესტის რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ არ დაიდება სამართლიანი ცესკოს შედეგები, ივანიშვილმა კი ვერ მოიგო, 41 არ შემოუხაზავს არავის. ამათ უბრალოდ გადმოიწერეს და დაიწერეს ჟვანიას პასტის 41", - თქვა აქტივისტმა, ზვიად კუპრავამ.
აქტივისტები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ხელახლა გაიმართოს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც და რკინის ჯებირის უკან პოლიციის კორდონო დგას, რათა მოქალაქეები შენობის ეზოში ვერ შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს მიმართულებით ავტოკოლონა დაიძრა რესპუბლიკის მოედნიდან. ოპოიზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქციაც - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.