კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომისიის ერთ-ერთი წევრი, ქეთევან შამუგია, დაუბალანსებელ ოქმებსა და პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, "ცესკო" უკვე 2 დღეა, საჩივრებს არ აკმაყოფილებს.
"ნაკლებობა არის ზოგ უბანზე 100, ზოგ უბანზე - 92, 94, 19 და ა.შ. ჩვენ კანონი გვეუბნება, რომ -ერთი თუ არის, უკვე არის დარღვევა", - ამბობს ქეთევან შამუგია.
საარჩევნო ოქმებში დისბალანსის გამო, ქეთევან შამუგიამ უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვა, თუმცა, მას ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
"მხოლოდ 1-2 საჩივარი დააკმაყოფილეს. საკენკი გადმოყარეს", - ამბობენ კომისიის წევრები.
გარდა ამისა, კომისიის წევრების თქმით, "ცესკო" დამკვირვებლებს დასცინის და მათზე ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც, ისაუბრა და "ცესკოს" დამკვირვებლებისთვის ეთიკური, ზეწოლისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნისკენ მოუწოდა.