სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, "ცესკოს" მოუწოდებს, შექმნას ზეწოლისგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.
ომბუდსმენის ინფორმაციით, საჩივრების განხილვის დროს, დამკვირვებლების მიმართ, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, დამაშინებელ გარემოს ქმნის.
ამის შესახებ ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს:
"სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!"
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიამ "ცესკოს" არჩევნების შედეგების გამოქვეყნების დღესაც მიმართა და მოუწოდა, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და გამჭვირვალედ განიხილოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული დარღვევები.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, საერთო საარჩევნო გარემო - დაძაბული, დაპირისპირების ფონი კი, მაღალი იყო.