არჩევნები დასრულდა და ეროვნული ვალუტის მოჩვენებითი სტაბილურობაც წარულს ჩაბარდა.
კენჭისყრიდან მეორე დღესვე ლარი ერთბაშად 7 თეთრით გაუფასურდა და ბანკებში ერთი დოლარი უკვე 3 ლარი და 37 თეთრი ღირს.
საერთაშორისო ინვესტიციები ქვეყანაში აღარ შემოდის, პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტრია საერთოდ გაჩერებულია, დონორებისგან მიღებული დახმარებები კი ხელისუფლებამ ისევ საარჩევნო კამპანიას მოახმარა და უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ცივი ზამთრის პირისპირ მარტო დატოვა.
ლარის კურსის გაუფასურებისა და მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირების გამო, ფქვილზე ფასებმა უკვე მოიმატა. წისქვილკომბინატების ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ მთავრობამ რაიმე არ იღონა, ფასები ამ თვის ბოლოს კიდევ აიწევს, რასაც ჯაჭვური რეაქციით პურის გაძვირებაც მოჰყვება. სამომხმარებლო ფასების მატებას ხელისუფლების შეცდომებს უკავშირებენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში.
ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მოჩვენებითი სიმშვიდის შესაქმნელად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეზერვებიდან უკვე გაყიდა 100 მლნ დოლარი, თუმცა პანიკის ჩასაქრობად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეროვნული რეზერვები თანდათან იწურება. იწურება დონრებისგან მიღებული ფულადი დახმარებაც. წინ კი კრიზისის ყველაზე მძიმე ფაზაა, როცა გაუფასურებულ ლარს სეზონური ინფლაციაც დაემატება.