იარაღიანი ადამიანი უბანზე იდგა და მეუბნები, სათამაშო იარაღი ჰქონდაო - მელია პოლიციელს

გამოქვეყნდა:

ხმაური გლდანში - ნიკა მელიასა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მელია ფლაერებს არიგებდა და მხარდამჭერებს 8 ნოემბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა. 

ნიკა მელიამ ის პოლიციელები იცნო, რომლებიც გლდანში, ერთერთ საარჩევნო უბანთან იმ დროს იყვნენ მობილიზებული, როცა, მელიას თქმით, "იქ კახა კალაძის მეგობარი - კვიჟინაძე დარბოდა".

"ყველა დარღვევის უკან თქვენ იდექით, კადრები ნახეთ, მოძალადეებო. იარაღით რომ დარბოდნენ, რას აკეთებდით? იარაღიანი ადამიანი უბანზე იდგა და ხმას არ იღებდი. სათამაშო იარაღი იყოო, მეუბნები. ჩემი ქვეყანა მეცოდება", - უთხრა მელიამ პოლიციელს.

დაპირისპირებისას პოლიციელმა თქვა, რომ ემსახურება ქვეყანას და ხალხს, ხოლო ნიკა მელიას ბრალდების პასუხად განაცხადა, რომ გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს შსს-მ არეულობის მომწყობი პირები დააკავა. 

ვინ დააკავეთ? ყველა გარეთ არის, ყველა კადრში ხარ, შენ უნდა დადგე ხალხთან ერთად, - უთხრა მას ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას გარდა, პოლიციელებს იქ მყოფი მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ:

ივანიშვილის მონები არ უნდა იყოთ, ხალხის გვერდით უნდა დადგეთ, - უთხრეს აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ არჩევნების დღეს გული ეტკინა და უსუსურობის განცდა ჰქონდა, რადგან პოლიციელები მოძალადეებს ვერაფერს უპირისპირებდნენ:

ეს ბატონი, პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კიდევ სხვა ბატონები, ყველა კადრში ჩანან, დგანან, უყურებენ, როგორ ძალადობენ მოქალაქეების წინააღმდეგ და არაფერს აკეთებდნენ, - თქვა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელიას თქმით, გლდანში ახლა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, პროტესტი ძლიერდება და ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ხელახალი არჩევნების დანიშვნა. მელიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს, კვირას, სამ საათზე რუსთაველზე შეიკრიბონ.  

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" გლდანში დაპირისპირების ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს იარაღი, რომელიც დაპირისპირების ერთერთ მონაწილეს უჭირავს ხელში.

გლდანში ვითარება 31 ოქტომბერს, შუადღეზე დაიძაბა, როდესაც 84-ე საარჩევნო უბანზე, თვითმხილველთა თქმით, სროლის ხმა ისმოდა.

შსს-მ სროლა არ დაადასტურა, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ დაკავებულია 5 პირი, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი