ამ წუთებში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და მსვლელობას მართავს "ლელო" "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია." ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, ცოტნე დადიანის გამზირის გავლით, ღრმაღელის მეტრომდე მივლენ. მსვლელობას "ნაციონალური მოძრაობაც" უერთდება.
ოპოზიციის აქტივისტები არიგებენ ფლაერებს წარწერით -არჩევნები გაყალბებულია და მოქალაქეებს კვირას სამ საათზე არჩევნების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე წასვლას მოუწოდებენ.
"თუ ჩვენ ახლა ამას შევეგუებით, ჩვენ დავკარგავთ მომავალს,გავხდებით ქვეყანა, სადაც დემოკრატია არ არის, სადაც არჩევნებს აზრი არ აქვს, ვისაც არ უნდა რომ საქართველო იყოს პუტინის რუსეთი ყველას გთხოვთ კვირას ბიძინა ივანიშვილს, ვაჩვენოთ რომ ხმის ქურდობა, მას და მის კლოუნებსა და მონებს არ გაუვათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ პარლამენტის უფლებამოსილება არ იყოს ცნობილი", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი ირმა ნადირაშვილი.
აქციაზე არიან "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ ეს არჩევნები ჩაიშლება და ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
"ჩვენს ოლიგარქს არ უნდა ვაპატიოთ ჩვენი ღირსების შელახვა, მან ქართველ ხალხს უმთავრესი კონსტიტუცირუი უფლება წაართვა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენ ჩავშლით ამ არჩევნებს და გაიმართება ხელახალი არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს" - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გიორგი გუგავა.
ნაძალადევში "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი კი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა ნაძალადევის რაიონშიც, სადაც 7000-ზე მეტი ბიულეტინი ბათილად ცნეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი აქცია ნაძალადევში იმართება.
"ლელო საქართველოსთვის" ყოველთვის დგას სიმართლის გვერდით, დღეს სიმართლე არის ის რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, 7000-ზე მეტი ბიულეტინი მხოლოდ ნაძალადევის რაიონში იქნა ბათილად ცნობილი.", - ამბობს ნაძალადევში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა ჩერქეზიშვილი.
აქციის წარმომადგენლები ითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას და ამბობენ, რომ ვიდრე ქართველი ხალხის ნება არ შესრულდება აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ცნობისთვის, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს გლდანშიც.
შეგახსენებთ, რომ კვირას სამ საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად მთავარ აქციას მართავს.