გუშინ, საოლქო კომისიებმა ოპოზიციური პარტიების საჩივრების დიდი ნაწილი ფაქტობრივად განხილვის გარეშე დატოვა, სხდომაზე არ შეუშვეს უფლებამოსილი პირებიც, გარეთ კი აქტივისტებს ხელისუფლებამ პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დაახვედრა.
ბიძინა ივანიშვილი გაიგებს ქართველი ხალხის ხმას და არც ერთი წუთით დათმობა არ იქნება - ესეთია ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები. მათი თქმით, ივანიშვილი აგონიაშია და ამიტომ ძალადობრივ გზებს მიმართავს.
"ეს არის გზავნილი, როდესაც სუსტი ოლიგარქი ამ სიტუაციაში სადამსჯელო რაზმად იყენებს პოლიციას, იმიტომ, რომ გუშინ მთელი პოლიციის დაახლოებით 5 ხაზი იცავდა საოლქოს ჩემგან და სხვა დეპუტატებისგან, მათ შორის მოქმედი დეპუტატისგან, დათო ჭიჭინაძისგან, რომელიც ასევე, არ შეუშვეს საოლქოში", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ პოლიცია, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ზონდერ ჯგუფებად გადააქცია, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს დაუპირისპირეს.
"ნაცვლად კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა პოლიცია დაუპირისპირდა მათ. შემდეგ რუსული მეთოდებით მეც დამაკავა. ხდება ის, რომ ხელისუფლება მიიტაცა ივანიშვილმა და ახლა უკვე პოლიციელებს იყენებს, როგორც მოძალადეებს, რომ დააკავონ და შეაშინონ საზოგადოება", - თქვა გიორგი კაპანაძემ.
პარტია "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ დღეს მმართველი ძალა ხალხს უმტკიცებს, რომ მათ "ქართული ოცნება" აირჩიეს, სინამდვილეში კი არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გაკეთდა.
"დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში. ეს არის სრული აგონია, ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი საჩივარი არ განიხილონ, შემდეგ გადაწყვიეტეს ადამიანების დაკავება დაიწყონ", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საოლქო კომისიის წევრები გაყალბებაში თავადაც მონაწილეობენ და მათი მოვალეობის შესრულებაზე სწორედ ამიტომაც ამბობენ უარს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.