
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა უნდა მოხდეს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა იფიქრონ წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე.
გახარიამ აღნიშნა, რომ ბინაზე მკურნალობა და ოჯახის ექიმი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მოსახლეობის მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება ბინაზე იმკურნალონ. მისივე თქმით, ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.
"გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. როგორც, რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს", - თქვა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არსებული 26% 15%-მდე დაიყვანონ.