არჩევნებიდან ზუსტად 4 დღეში ლარი ჩამოიშალა. დღის ბოლოს ოფიციალური კურსი უკვე 3 ლარითა და 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ვალუტა არჩევნებიდან დღემდე უკვე 12 თეთრით გაუფასურდა.
ბაზარზე სრული პანიკაა, ეროვნული რეზერვები იწურება და იწურება ხალხის მოთმინებაც, რომელიც ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებს.
ისტორიულ მინიმუმზეა დასული უცხოური ინვესტიციები, რეკორდულადაა გაზრდილი ემიგრაცია, გაზრდილია სიღარიბე, გაზრდილია ფასები. ამ ყველაფერს კი ზევიდან დაემატა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც 250 000-ზე მეტს ადამიანს დააკარგინა სამსახური და მთლიანად გააჩერა ტურიზმის ინდუსტრია.
2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ერთი დოლარი 1 ლარი და 67 თეთრი ღირდა. გავიდა 8 წელი და ივანიშვილის გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით - 2020 წლის ნოემბერში 1 დოლარი 3 ლარი და 40 თეთრი ღირს.
პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად კი დღეს მმართველმა გუნდმა ისევ პოლიტიკური უტიფრობის გზა აირჩია და სრული შემადგენლობით და სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ლარის გაუფასურება ოპოზციის ბრალია.
ოპოზიციამ კი ივანიშვილის თანამებრძოლებს კიდევ ერთხელ შეახსენა ოცნების ის შეცდომები, რომლის წყალობით საქართველო დღეს ერთერთი ყველაზე ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა რეგიონში, რომლის ლიდერადაც სულ რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა.