ვარკეთილის მეტროდან გაერთიანებული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ და კვირას, 8 ნოემბერს მასშტაბურ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ, იმ მოქალაქეებს, ვინც თვლის რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხს კონსტიტუციური უფლება ჩამოართვა.
"ჩვენ, ყველას წაგვართვეს არჩევანი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები არის გაუქმებული ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ მე სახლში დავწერ ამ შედეგებსო და თქვენ პოლიტიკოსობანა ითამაშეთო ... ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია მისი აღმატებულება ქართველი ხალხი " - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დღეს, 6 ნოემბერს დაქალაქის სხვადასხვა უბანში, საოლქოებთან აპროტესტებს არჩევნების იმ შედეგებს, რომელიც ცესკომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაწერა.ხელისუფლების ოპონენტები მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, თუმცა ცესკოც და ხელისუფლებაც ამ ბრალდებებს უარყოფს.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".