ვაკისა და სასამართლოს საოლქო კომისიებთან დაკავებულების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ერთერთი აქტივისტის სხდომა კი, ორშაბათს გაიმართება.
აქტივისტი გიორგი რურუა ამბობს, რომ ის უკანონოდ დააკავეს, რადგან მას საოლქო კომისიაში შესვლის უფლება ჰქონდა. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ სრულიად უდანაშაულოა.
"მედავებიან მუხლს 166 და 173, რაც არის სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევა, რის ფაქტიც არ აქვთ", - ამბობს გიორგი რურუა.
აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება 8 ნოემბრის აქციიდან მათ ჩამოშორებას გეგმავს. ამასთან, დაკავებული აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზეც საუბრობენ.
"პოლიციამ განახორციელა ჩემი დაკავება სრულიად უკანონოდ, პროცესზე არ წარუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება პოლიციის თანამშრომლებს. სამართლიანი სასამართლოს იმედი არ მაქვს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ერთ ადამიანს ემსახურება საქართველოს სასამართლო", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა.
დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ აქტივისტების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან მსგავს ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევის შემდგომ სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ვაკის საოლქო კომისიის შენობასთან დაპირისპირებისას ოთხი პირი დააკავეს, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კი - 3 პირი. ისინი საარჩევნო კომისიების შენობებთან გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური პროცესია და ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც, სხვა საოლქო კომისიებში დასრულდა.