"ცესკოს" ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი, ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე გაბათილებულ ბიულეტენთა რაოდენობა ამომრჩეველთა 4%-ზე მეტია, რაც ათიათასობით ადამიანის მოპარულ ხმას ნიშნავს. მისი თქმით, საარჩევნო კომისიებს ბათილად ჰქონდათ მიჩნეული ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველთა ნება გამოხატული იყო.
გურამ ჩალაგაშვილი შესწორების ოქმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომისიის წევრები ოქმში დისბალანსის გასწორებას მექანიკურად, ხელით ცდილობდნენ.
"ვნახე წყალტუბოში უბნის შემაჯამებელი ოქმი. ოქმს ახლდა შესწორების ოქმის კიდევ შესწორების ოქმის კიდევ შესწორების ოქმი. ანუ, ოთხჯერ ვერ შეავსეს ერთი ოქმი", - ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.
მისი თქმით, 30 ოქტომბრის ღამიდან 31 ოქტომბრის დილამდე მხოლოდ წყალტუბოში ამომრჩეველთა რაოდენობა 6 000 კაცით გაიზარდა, რასაც ჩალაგაშვილი "ცესკოს" სახელს უკავშირებს. ასევე, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, საოლქო კომისიის წევრებს ბიულეტენების რაოდენობის გასწორება დაავალეს.
"ბათილი ბიულეტენები, რომლებიც ტყუილადაა გაბათილებული, იმას დგანან და აფუჭებენ. "პასტით" შემოხაზავ მეორე პარტიას და დამთავრდა", - ამბობს ის.
მისი თქმით, ამ უბნების გადათვლას აზრი აღარ აქვს, ამიტომ უბნები უნდა გაბათილდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
გარდა ამისა, გურამ ჩალაგაშვილმა "ცესკოს" მხილებისთვის ივანე ბურდულს სამოქალაქო გმირიც უწოდა და საოლქო კომისიის წევრებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ცესკოს" თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა, თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დატოვა. ის საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო.
ცნობისთვის, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს.
ამასთან, ამბობს, რომ ოქმებში არსებული უზუსტობების რაოდენობა და დისბალანსის ხელით ჩასწორების მცდელობა არჩევნების გაყალბების საფუძვლიან ეჭვს ბადებს.