ციხეში გიორგი რურუაზე ძალადობის გამო 3 პატიმარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს - პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა -  ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)  2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება. 

ცნობისთვის, გიორგი რურუას ადვოკატი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური დაკვეთა იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი