შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დღეს, 6 ნოებერს სროლის გამო 37 წლის ა.რ. - ალექსანდრე როსტიაშვილი დააკავეს. მიუხედავად ამისა, როსტიაშვილების ოჯახი ამბობს, მათ სახლში ჩხრეკაც კი არ ჩატარებულა და ალექსანდრე როსტიაშვილი ამ დროისთვის დაკავებული არაა.
დედა ადასტურებს, რომ თეთრი "ტოიოტა ქამრის" ტიპის მანქანით ნამდვილად მისი შვილი მოძრაობს და ის მეორე შვილის, შალვა როსტიაშვილის სახელზეა გაფორმებული.
"დიახ ჩემი მანქანაა, შალვას სახელზეა გაფორმებული, მეორე შვილს ჰყავს. ამ დროს ბავშვმა ასკილი მომიტანა, დაახლოებით, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო შუადღე. როგორ?! აქამდე არავინ არ მოვიდოდა, შუადღის შემდეგ ჩემი შვილი რომ იყოს დაკავებული? სახლში მომაკითხავდა პოლიცია აუცილებლად, გამორიცხულია, ჩემ სახლში ერთადერთი იარაღია, მეუღლის სახელზე გაფორმებული, სეიფშია ჩაკეტილი, მეტი არ არსებობს", - ამბობს როსტიაშვილის დედა.
ჩაწერის დროს მან აღნიშნა, რომ შვილს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ მუშაობს და საქმეზეა.
ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც გასროლის დროს ადგილზე აქციას მართავდნენ ფაქტს პროვოკაციად აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ გასროლა მათი მხარდამჭერების შესაშინებლად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 3 საათის წინ სოლოლაკში, მაშინ როცა ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფაქტზე 37 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, ნივთკიცებად, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და აირის 2 ვაზნა ამოიღეს
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.