"ენმ"-ს ერთერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის, აზრით, საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი არჩევნების გაყალბების შესახებ და ქართველი ხალხი ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ მას ხმა მოპარეს. იგი მოუწოდებს ამომრჩეველს მოვიდნენ დღეს ოპოზიციის დაგეგმილ აქციაზე და ამ ფორმით მოითხოვონ არჩევნების ხელახალი ჩატარება.
"მე ვფიქრობ, ზედმეტი თქმაც არ სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, თუ რატომ უნდა გამოვიდნენ ისინი დღეს 3 საათზე რუსთაველზე. ნებისმიერი ადამიანი დღეს რომ ქუჩაში გააჩეროთ, ასიდან ასი გეტყვით, რომ მას მოპარეს ხმა, რომ ეს არჩევნები გააყალბეს, რომ ეს იყო ყაჩაღობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ... იყაჩაღა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს და მიიტაცა ქართველი ხალხის ხმები - ამაზე სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. ძალიან ბევრი ხალხი მოვა და ეს იქნება ის ძალა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს, რომ დიახაც, ჩატარდება ხელახალი არჩევნები ახალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმ ადმინისტრაციით, რომელსაც ლეგიტიმაციას მისცემს ქართველი ხალხი", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს ერთერთი ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.
დღევანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან და იმერეთიდანაც უერთდება. აქცია გაიმართება ბათუმშიც.