საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაკავებულთა შორისაა "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია.
თოფურიას ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი. ამასთან, მათ არ იციან როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.
"მე მოვინახულე ერთერთი დაპატიმრებული, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება არ ჰქონია სამართალდამცველებთან. დაკავებულია კოკა თოფურიაც, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი. საქართველოს უნივევერსიტეტი "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებელია", - ამბობს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
თოფურიას ახლობლების თქმით, პოლიციელებმა მისი დაკავების შესახებ ოჯახს არ აცნობეს.
"ადამიანი უბრალოდ გაქრა. რომ არ გვყავდეს პირადი კონტაქტები პოლიციაში, გამოდის, რომ ადამიანი არ არსებობს. მე რამდენადაც ვიცი, ბევრია დაკავებული, თუმცა მათზე ინფორმაცია არ ვრცელდება", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, კოტე იოსელიანი.
უნივერსიტეტის რექტორის გარდა, დაკავებულია დავით ტატიაშვილიც - ის მოქალაქეებს წყლის ჭავლით დარბევის დროს ეხმარებოდა ტანსაცმლით, შესაბამისად, დაპატიმრების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თავის მხრივ, დაზიანების შედეგად თავზე ნაკერების დადება დასჭირდა ერთერთ მოქალაქეს, კახაბერ კვეკვეციას.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, აქციის დროს ჯამში 19 ადამიანი დააკავეს.