საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ "მთავართან" სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის, მთიან ყარაბაღში განთავსების მიზნით საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ორივე მხარის - სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.
"ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით სამშვიდობო პროცესის დაწყებას, გვქონდა კონკრეტული შეთავაზებებიც და მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ მოგვმართა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ესეც, ერთგვარად, ჩვენი წვლილია ამ სამშვიდობო პროცესში", - თქვა მან "მთავართან" სატელეფონო საუბრისას.
შეკითხვას, საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, პირადად მას სჯერა თუ არა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში პოზიტიურ როლს შეასრულებენ, ზურაბ აბაშიძემ მოკლე პასუხი გასცა:
ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენი ორივე მეზობლის ერთობლივი თხოვნა გახდა, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებას ხელი რუსეთის შუამავლობით 10 ნოემბერს მოეწერა. შედეგად, იქ ახალი რუსული ბაზა განთავსდება და რუსეთის "სამშვიდობოები" ჩადგებიან.
შეთანხმების მიხედვით, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვალდებულებას იღებს 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც ის შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ - 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ შესრულდა.