წყალტუბოში საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. კომისია შემაჯამებელი ოქმის დასამტკიცებლად ორჯერ შეიკრიბა.
მას შემდეგ, რაც "ოცნების" ოპონენტებმა ოქმების ხელმოწერაზე უარი თქვეს, მმართველმა გუნდმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, რის გამოც, შეხვედრაზე კომისიის კიდევ ერთი, კოვიდინფიცირებული წევრი გამოეძახეს.
როგორც კომისიის წევრი, დარეჯან ნაჭყებიანი, ამბობს, მას კროონავირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და საავადმყოფოდან 4 დღის წინ გამოეწერა.
"დღის გეგმაში ჰქონდათ განხილვის საგნებად რაღაც გადაწყვეტილებები მისაღები, რასაც ვერ იღებდნენ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ ხმათა უმრავლესობა, 2/3, რაც საჭირო იყო. ამიტომ მოყვანეს ეს ქალბატონი აქ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ხმით მიეღოთ ის შედეგები, რაც უნდოდათ", - ამბობს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
ამის შემდგომ ვითარება სხდომაზე დაიძაბა და ოპოზიციამ სამართალდამცველები გამოიძახა.
ამასთან, აკრედიტაციის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საოლქო კომისიის შენობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.
მოქალაქეები ხმების მოპარვას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, გაიმარჯვა.