აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, შეხვედრას წარმატებულად აფასებს.
ზოგადად, ესეთი შეხვედრა რომ დგება, უკვე არის წარმატება იმიტომ, რომ მე, პირადად, მაქვს ესეთი პრობლემა, რომ 4 წელია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ მისაუბრია არსად. ამიტომ, ლაპარაკი რომ დავიწყეთ, მგონია, რომ ეს უკვე თავისთავად კარგია, - ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, თავიანთი ხედვა გააცნეს.
"ატმოსფერო ზოგადად ეგეთია, რომ ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი",- ამბობს ზურა ჯაფარიძე.
როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის ჩატარების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, ქვეყანაში ქუჩის პროტესტი კვლავ გაგრძელდება.
შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც და თქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
შეხვედრას პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, ესწრებოდა. მისი შეფასებით, შეხვედრა შედგა და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.