რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები მოქმედი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, "ცესკოს" თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, მოსახლეობის ხმები მოიპარა.
რომ დაგვცინეს და გაგვიყალბეს არჩევნები, როგორმე უნდა დავიბრუნოთ სიმართლე. ჩვენ ის თაობა ვართ, 30 წლის წინ ტანკებს დავუწექით ფილარმონიასთან და ამისთვის ვიბრძოლეთ, რომ ასეთი მთავრობა მოსულიყო? ვიბრძვით ბოლომდე. ჩვენი თაობაც იბრძვის და ახალგაზრდებიც, - ამბობს აქციის მონაწილე.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც საუბრობენ.
"ხალხს ამოგვივიდა გასაჭირი. ძალიან გაჭირვებულები ვართ. ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობთ. ეს ბანკები გინდა, ხალხი გაუბედურდა. თან, პურის ფასს მოუმატეს", - ამბობს აქციის მონაწილე.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ამ გზით შეიცვლება. ასევე, ჩატარდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და შეიცვლება "ცესკოს" შემადგენლობაც.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხრდამჭერების საპროტესტო აქცია ჩატარდა.
არჩევნების გასაპროტესტებლად, მომდევნო "მდუმარე აქცია" 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი, როცა თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.
პომპეოს ვიზიტის დღეს, რუსთაველი მოფენილი იქნება სტიკერებით, რომლებზეც ეწერება "გაყალბებულია".