თან პომპეო მოდის, თან რუსი. ამ უკანასკნელს რა უნდა, არ გვესწავლება. აი, პირველს სად გავახსენდით, ეგაა საინტერესო. რაც ეს ამბავი გავიგეთ, ალბათ, შეკვეთილისა და სოლოლაკის შუშებიან კაბინეტებში ნერვიული ადამიანები დარბიან და ერთმანეთს აშინებენ - ჩვენთან მოდის რევიზორი!
პომპეო არ მიდის არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში. ამერიკამ იქ დააგვიანა და ახლა, რასაც ჰქვია, პარადი რუსს მიჰყავს და ამით უზომოდ ბედნიერი და ამაყია.
აზერბაიჯანმა ვერ დაიბრუნა ყარაბაღის დედაქალაქი. თვენახევრიანი ომით დაიკავა უშუალოდ ავტონომიის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი, დარჩენილ მიწებზე კი ახლა დგება რუსული არმია.
ომის შეწყვეტის ამბავი მსოფლიომ ერევნის დროით შუაღამეს გაიგო, ამ დროს რუსულ ტექნიკას კი უკვე მიხატული ჰქონდა სამშვიდობო ძალების ლოგოები და იტვირთებოდა თვითმფრინავებში სომხეთში გასაფრენად. სხვათაშორის, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, რაზეც ნებართვა თბილისმა მისცა.
ამბავს უბრალოდ ზავი დავარქვათ. ასე, საზავო პირობებით, ბრძოლა ჩერდება 10 ნოემბრის შუაღამის პოზიციებზე. დღეს შუაღამემდე სომხეთი თმობს ყელბაჯარის რაიონს, რომელიც ადმინისტრაციულად არასდროს ყოფილა ყარაბაღში და კონტროლის გასამარტივებლად, უბრალოდ ოკუპირებული ჰქონდა 30 წლის განმავლობაში. 20 ნოემბრამდე აზერბაიჯანს გადაეცემა აგდამის რაიონი, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონი. სხვა ყველაფერი, ანუ ყარაბაღის ყოფილი ავტონომიის დაახლოებით ორი მესამედი, ცხადდება რუსული ოპერაციის ზონად. გზებზე დადგება პოსტები.
სომხური საინფორმაციო პოლიტიკა აზერბაიჯანზე მეტად, თურქეთთან დაპირისპირებაზე საუბრობს.
გამწარებული ბრბო შეიჭრა პაშინიანის სახლში და რადგან პრემიერს ვერ მიასწრო, მისი სუნამოები დაისხა და საათები დაირიგა. შეიჭრა პარლამენტში და დაარბია იქაურობა. სხვათაშორის, ოცნების მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებული ჩახალიანის მეთაურობით, რომელიც იქაც დაიჭირეს და ხელწერილით გაათავისუფლეს.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი სტეპანაკერტი აზერბაიჯანელების კონტროლზე არ გადადის, ის უკვე დატოვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა.
რეგიონებიდან, რომელიც სომხეთმა დაკარგა, ბევრი წასვლის წინ სახლ-კარს წვავს. პირველებმა რეგიონი დატოვეს ბოლო წლებში სირიიდან და სხვა აღმოსავლური ქვეყნებიდან ჩამოსახლებულმა სომხებმა.
სამხრეთ კავკასიის რუკა გადაკემსვის პროცესშია. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ფორმით აღსრულდება შეთანხმების მე-9 მუხლი ნახჭევანის ავტონომიასა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო დერეფნის ამუშავების შესახებ. 30 წელი აქ არც მანქანას გაუვლია, არც მატარებელს. ასფალტის აღდგენაც შეიძლება და რელსისაც, მაგრამ რამდენად უსაფრთხო იქნება 60-კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც სომხეთზე გაივლის და ასევე რუსმა მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ?
რა იქნებოდა თურქეთის გარეშე? არ იქნებოდა ბაირაქტარებიო, იტყვის ნებისმიერი თქვენგანი, ვინც უკვე კარგად გაერკვა უპილოტო ავიაციის სპეციფიკაში. მაგრამ კარგ დრონს კარგი მედრონე სჭირდება. ვინც დაგეგმავს, მართავს, შეარჩევს მიზანს და მხარს აუქცევს მოწინააღმდეგის საჰაერო და ელექტრონულ თავდაცვას. ოპერატორს სჭირდება კარგი შტაბი, კარგ შტაბს - კარგი მინისტრი, კარგ მინისტრს - კარგი პრეზიდენტი. მთელი ეს ჯაჭვი, ერდოღანის მეთაურობით, ვნახეთ აზერბაიჯანისთვის ბრძოლაში. ბუნებრივია, რომ ისინი ახლა მოზეიმეთა პირველ რიგში დგანან
სამმხრივ შეთანხმებას მოჰყვა ორმხრივი. თურქ მინისტრს, რომელიც, რუსისგან განსხვავებით, ნამდვილი საბრძოლო გენერალია, რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მზად ჰყავს არმია აზერბაიჯანისთვის საბრძოლოდ. მანვე, რამდენიმე F-16 ზაფხულიდან დატოვა აზერბაიჯანში იმ შემთხვევისთვის, თუ კონფლიქტში უცხო, ანუ რუსი ჩაერეოდა.
სამმხრივი შეთანხმებით დატოვებულ თეთრ ლაქებს შორის მთავარია კითხვა - ვინ მართავს ყარაბაღის იმ ნაწილს, რომელიც აზერბაიჯანს არ დაუბრუნდა. თუ სტეპანაკერტში ისევ უღიარებელი მარცხის ხელისუფლება დარჩება, კიდევ უფრო მკვეთრად გააგრძელებს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და როდესაც ბაქოს დასცდება სიტყვა "მიროტვორცების" გაყვანაზე, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე გენერალი კულახმეტოვი, რომელიც იტყვის, ვერ ვაკონტროლებ შეიარაღებულ ფორმირებებს, აზერბაიჯანულ სოფლებს რომ უშენენ ნაღმებსო.
ოპერაციის სარდლად დაღესტნელი რუსტამ მურადოვი დაინიშნა, სირიაში ბრძოლისთვის რუსეთის გმირის ორდენოსანი. რუსმა პირველივე დღეს გადაუხვია შეთანხმების მესამე მუხლს, რომლითაც 1960-კაციან კონტინგენტს მხოლოდ 90 ჯავშანმანქანა და 380 სატვირთო და სპეციალური მანქანა უნდა ჰყოლოდა.
გიუმრის ბაზიდან ყარაბაღისკენ წავიდნენ ტანკები, გრადები და რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები, არაფერი რომ არ აქვთ საერთო სამშვიდობო მისიასთან.
რუსული ოპერაცია რეგიონში პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელმაც უნდა გადაფაროს სამარცხვინო სამხედრო მარცხი. სომხური არმია რუსი მრჩევლებით, რუსეთში ნასწავლი გენერლებით, გაწვრთნილი რუსული წესით, აღჭურვილი თანამედროვე რუსული იარაღით, დამარცხდა აზერბაიჯანთან, რომლის უკანაც თურქეთის დანახვა რთული არ არის
რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას გამოხმაურება სხვებს დაასწრო ჩვენში პრეზიდენტად დანიშნულმა - ახალი ერა დგება და მადლობა ფასილიტატორებსო...