მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის პროევროპელმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. ხმათა 100% უკვე დათვლილია. მაია სანდუ მოლოდვის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
სანდუმ ამომრჩევლის ხმათა 57.75% მიიღო, რუსეთთან დაახლოებულმა იგორ დოდონმა კი - 42.25%.
ცნობისთვის, მაია სანდუ მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტია და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირს ემხრობა. ამასთან, სანდუ მოლდოვის განათლების მინისტრიც იყო. 2019 წელს ის პრემიერმინისტრის პოსტზეც დაინიშნა, თუმცა 5 თვეში პარლამენტმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
სანდუს გადადგომას მხარს უჭერდნენ რუსეთთან დაახლოებული სოციალისტური პარტია და მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის, დემოკრატიული პარტია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუმ ხმათა 35.77% აიღო, დოდონმა კი - 32.87%.
სანდუს მხარი მოლდოვის დიასპორის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები 150 000 ამომრჩევლიდან დოდონს ხმა მხოლოდ 3.59%-მა მისცა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში მაია სანდუსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ არჩევნებში სანდუს გამარჯვება ისტორიულია და იმას ნიშნავს, რომ მოლდოვა სწრაფად და ევროპულად განვითარდება.