საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელ მაია სანდუს ლიდერობას Facebook-ით ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვას ყველა ეგზიტპოლის მონაცემი დაემთხვა შედეგს - "ოპოზიციის კანდიდატმა სანდუმ ეგზიტპოლით აიღო 54.5% და რეალურად 57%, ხოლო მოქმედა პრეზიდენტმა ეგზიტპოლით 45%, ხოლო რეალურად 42.3%".
მიხეილ სააკაშვილი ადარებს საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკურ მდგომარეობასაც წლების მიხედვით და ამბობს, რომ "2003 წელს მოლდოვა იყო ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, 2019 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ შეადგინა 4450 აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს მშპ-მ 4200 აშშ დოლარი. ამასთან, მოლდოვას მთავრობის ვალი 2020 ბოლოსათვის მშპ-სთან მიმართებაში - 26%-ია, საქართველოს სახელმწიფო ვალი - 60%".
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მაია სანდუსთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს. მესამე პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში სანდუს გამარჯვება ისტორიულია და იმას ნიშნავს, რომ მოლდოვა სწრაფად და ევროპულად განვითარდება.
"მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ჩემმა მეგობარმა და პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა, მაია სანდუმ. მისი გამარჯვება პუტინისთვის შოკი, საქართველოსთვის კი დიდი იმედია," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში ხმების 100% უკვე დათვლილია - სანდუს ამომრჩეველთა 57.75%-მა დაუჭირა მხარი, რუსეთთან დაახლოებულ იგორ დოდონს კი - 42.25%-მა